ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დებულება

(დამტკიცებულია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2011 წლის 16 მაისს, ცვლილებები დამტკიცებულია 2017 წლის 03 ოქტომბერს)

პრეამბულა

ხარისხის უზრუნველყოფა არის შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია 2005 წელს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე ადმინისტრაციული, აკადემიური თუ მოწვეული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს უნივერსიტეტის წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.

სამსახურის ძირითადი ამოცანებია: უნივერსიტეტის აკადემიური, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება საქმიანობის სრულყოფის მიზნით, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა, აკადემიური, ადმინისტრაციული თუ მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარება, უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესის პრინციპების დანერგვა და განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთო ევროპულ სახელოვნებო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრასმების აკრედიტაციის პროცესების ორგანიზება.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განახლებული დებულებით, სტრუქტურითა და შემადგენლობით მოქმედებს 2011 წლის მაისიდან.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული.
  2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.
  3. სამსახური თავის საქმიანობაში ითვალისწინებს ბოლონიის პროცესის ფარგლებში ევროკომისიის, ევროსაბჭოს, იუნესკოს, ელიასა და სხვა ოფიციალური ორგანიზაციების ეგიდით შესაბამისი პროფილის ევროპული ასოციაციებისა და დაწესებულებების, აგრეთვე, ცალკეული ექსპერტების მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო დოკუმენტებს.
  4. სამსახურის დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 

 

მუხლი2. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები.

  1. სამსახურის საქმიანობის სფერო დაძირითადი ამოცანებია:

ა) უნივერსიტეტში სწავლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და კვლევის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.

ბ) უნივერსიტეტის სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება.

გ) რეკომენდაციების შემუშავება უნივერსიტეტის სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის სრულყოფის მიზნით.

დ) უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის თვითშეფასების პროცესების ორგანიზება.

ე) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა.

ვ) საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთო ევროპულ სახელოვნებო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა. 

  1. სამსახურის ფუნქციებია

ა) ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და კვლევის შეფასების წესის შემუშავება; 

ბ) თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი სახელოვნებო პროფილის უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

გ) სასწავლო პროცესთან, შემოქმედებით საქმიანობასთან, სამეცნიერო კვლევებთან, უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო ინსტრუქციების, წესების, დადგენილებების, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება, კოორდინირება და დამტკიცება საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მონაწილეობა სასწავლო პროცესთან, შემოქმედებით საქმიანობასთან, სამეცნიერო კვლევებთან, უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო დოკუმენტების, ინსტრუქციების, წესების, დადგენილებების, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში;

ე) საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ სასერტიფიკატო კურსების მონიტორინგისა და აკადემიური  ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება;

ვ) საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასერტიფიკატო კურსების სისტემატური მონიტორინგის ორგანიზება  შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;

ზ) საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული აკადემიური (მათ შორის საერთაშორისო)  ექსპერტიზის ორგანიზება ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით;

თ) რეკომენდაციების წარდგენა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისთვის (კოორდინატორებისთვის) საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მიზნით.

ი) გარე შეფასების განმახორციელებელი  უფლებამოსილი დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შედეგად მიღებული   რეკომენდაციების საფუძველზე, წინადადებების შემუშავება საგანამანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე; 

კ) სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, პოტენციურ დამსაქმებელთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვების კითხვარების შემუშავების ორგანიზება და კითხვარების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, პოტენციურ დამსაქმებელთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემატური გამოკითხვის და გამოკითხვის შედეგების დამუშავების ორგანიზება;

მ) სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, პოტენციურ დამსაქმებელთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;  

ნ) სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, პოტენციურ დამსაქმებელთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოებისა და აკადემიური საბჭოს წინაშე სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით;  

ო) სტუდენტთა მობილობისა და მიღებული განათლების აღიარების ხელშეწყობა,  სტუდენტთა კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული საჩივრების (არსებობის შემთხვევაში) განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ფაკულტეტების ადმინისტრაციის მიმართ;

პ) მონაწილეობა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების შევსებასა და მონიტორინგში;   

ჟ) კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;

რ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესის ორგანიზება; 

ს) უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარმოდგენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;

ტ) ადმინისტრაციული (დამხმარე) პერსონალის საქმიანობის შეფასების კითხვარის  შემუშავების ორგანიზება და კითხვარების შემუშავებაში მონაწილეობა;

უ) ადმინისტრაციული (დამხმარე) პერსონალის საქმიანობის შეფასების მიზნით სტუდენტების, აკადემიური პერსონალის გამოკითხვის და გამოკითხვის შედეგების დამუშავების ორგანიზება;

ფ) ადმინისტრაციული (დამხმარე) პერსონალის საქმიანობის შეფასების შედეგების გაცნობა იმ ადმინისტრაციული სტრუქტურებისთვის, რომლებსაც შეეხო გამოკითხვა;

ქ) ადმინისტრაციული (დამხმარე) პერსონალის საქმიანობის შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის მათი საქმიანობის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით; 

ღ) ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარის და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასებების წლიური ანგარიშებისათვის საჭირო  დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;

ყ) აკადემიური საბჭოს დადგენილებების და რექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; 

შ) სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) მომზადება და დამტკიცება საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის კოორდინირება; 

ც) უნივერსიტეტის წესდებით, რექტორის სამართლებრივი აქტებით, აკადემიური საბჭოს დადგენილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.  

სამსახურის პრიორიტეტებია:

ა) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიმართულება;

ბ) მონიტორინგის მიმართულება;

გ) სტატისტიკისა და ანალიზის მიმართულება.

მუხლი3. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა.

  1. სამსახური არის უნივერსიტეტის მართვის ორგანო, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს. იგი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე.
  2. სამსახური უფლებამოსილია უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ფაკულტეტებს მოსთხოვოს თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია.
  3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
  4. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  5. სამსახურის უფროსს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
  6. სამსახურს უფლება აქვს გარკვეული სამუშაოს შესრულებისათვის კონტრაქტის საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები დადგენილი წესით.
  7. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით - 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა) მის მოვალეობას ასრულებს ერთ–ერთი ფაკულტეტის სამსახურის უფროსი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  წარდგინებით.  

8. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას უნივერსიტეტის წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად;

ბ) კოორდინირებას უწევს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობას;

გ) ფაკულტეტების საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;

დ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;    

ე) აძლევს მითითებებსა და დავალებებს სამსახურის თანამშრომლებსა (არსებობის შემთხვევაში) და/ან ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს;    

ვ) ხელმძღვანელობს სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას;

ზ) უნივერსიტეტის თანამშრომელთა დისციპლინური (ან სხვა სახის) გადაცდომისას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე სვამს საკითხს სათანადო ღონისძიებების გატარების შესახებ; 

თ) მონაწილეობს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების შერჩევის პროცესში;

ი) მონაწილეობს სტუდენტთა მობილობისა და განათლების აღიარების პროცესში;

კ) წარმოადგენს სამსახურს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს  უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ლ) სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

მ) სარგებლობს ხელმოწერის უფლებით საუნივერსიტეტო ტიტულიანი/გერბიანი ბლანკით გასაგზავნ ოფიციალურ კორესპონდენციაზე საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში;

ნ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.   

 

9. სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად.

10. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

11. სამსახურს შეიძლება ჰყავდეს წევრი, რომელიც   საქმიანობას ახორციელებს ანაზღაურების გარეშე, უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

მუხლი 4. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი.

დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2733903
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია