ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ისტორია 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო-ტელე მიმართულებით მიღება კინომცოდნეობის სპეციალობით 1972 წელს დაიწყო, ხოლო ორი წელს შემდეგ, მათ დაემატა კინორეჟისურის სპეციალობით ორი ჯგუფი. სწორედ ამ სამი ჯგუფის საფუძველზე 1974 წელს ჩამოყალიბდა კინო-ტელე ფაკულტეტი. მისი შექმნის ინიციატორები გახლდნენ იმჟამინდელი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეთერ გუგუშვილი, პრორექტორი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვასილ კიკნაძე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე და რეჟისორი თენგიზ აბულაძე.

კინო-ტელე ფაკულტეტს, ფორმირების პერიოდში, 1972-1980 წლებში ხელმძღვანელობდა პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ოლღა თაბუკაშვილი, ხოლო 1980 წელს დეკანად დაინიშნა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი დოლიძე. ამ დროისთვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა ორი კათედრა: კინოხელოვნების - კათედრის გამგე კინორეჟისორი, პროფესორი რეზო ჩხეიძე და კინომცოდნეობის - კათედრის გამგე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ოლღა (ლალა) თაბუკაშვილი, მოგვიანებით მას დაემატა სატელევიზიო ხელოვნების კათედრა - კათედრის გამგე პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ზვიად დოლიძე.

1980-იანი წლებიდან 2004 წლამდე ფაკულტეტზე არსებობდა მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ტელერეჟისურის, ხმის რეჟისურის, კინო-ტელე ოპერატორის, კინომცოდნეობის სპეციალობების სასწავლო პროგრამები.

2004 წლიდან კინომცოდნეობის სპეციალობა გამოეყო კინო-ტელე ფაკულტეტს და შეუერთდა სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს.

წლების მანძილზე, კინო-ტელე ფაკულტეტზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, ირაკლი კვირიკაძე, გია ჭუბაბრია, იოსებ ჩხაიძე, რამაზ ხოტივარი, გელა კანდელაკი, რეზო ესაძე, ლევან ზაქარეიშვილი, ომარ გვასალია, ბუბა ხოტივარი და სხვები; კინომცოდნეები: გოგი დოლიძე, ოლღა თაბუკაშვილი, ირინა კუჭუხიძე, ნათია ამირეჯიბი, ეთერ ოკუჯავა, ლელა ოჩიაური, გოგი გვახარია, სცენარისტი ერლომ ახვლედიანი, დავით აგიაშვილი; კინოოპერატორები: ლევან პაატაშვილი, გია გერსამია, ალექსანდრე მღებრიშვილი, ირაკლი ონოფრიშვილი, მიხეილ მედნიკოვი, ნუგზარ ნოზაძე, ხმის რეჟისორი გარი კუნცევი და სხვები.

პროფესორ გოგი დოლიძის ძალისხმევით, 1988 წლის აგვისტოში იუნესკოს ეგიდით მომუშავე საზოგადოება „სილექტმა“ (კინო-ტელე სკოლების საერთაშორისო ასოციაცია) ქართული კინოსკოლა ასოცირებულ წევრად, ხოლო 1990 წელს კი ნამდვილ წევრად მიიღო, რამაც ფაკულტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალება მისცა აქტიური თანამშრომლობა დაემყარებინათ სხვადასხვა ქვეყნის კინოსკოლებთან.

1993-2004წწ. კინო-ტელე მიმართულების პრორექტორი იყო გოგი დოლიძე - კინომცოდნე, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანები იყვნენ:

1993-1997წწ. ზურაბ მანაგაძე - კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

1997-2000წწ. გიორგი ღვალაძე - კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

2000-2003წწ. ნელი გერმესაშვილი - კინომცოდნე

2003-2006წწ. მაია ლევანიძე - კინომცოდნე, ასოც. პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

2006-2014წწ. დათო ჯანელიძე - კინორეჟისორი, პროფესორი

2014-2022წწ. ოთარ ლითანიშვილი - კინორეჟისორი, ასოცირებული პროფესორი

ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი 2007-2021წწ. იყო თინათინ ჭაბუკიანი - ტელერეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

2003-2004 წლებში, უნივერსიტეტში, ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სასწავლო კინოსტუდია, ხელმძღვანელი - ზურაბ ორთავიძე.

2020 წელს შეიქმნა სასწავლო ტელევიზია „TAFU.TV“ ხელმძღვანელი - ტელერეჟისორი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი.

კინო-ტელე ფაკულტეტზე სწავლობდნენ დღეს უკვე კარგად ცნობილი რეჟისორები: თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, ალეკო ცაბაძე, დიტო ცინცაძე, ტატო კოტეტიშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჯანელიძე, დავით სიხარულიძე, დავით თაყაიშვილი, ლადო სულაქველიძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ზაზა ხალვაში, ქეთი მაჭავარიანი, რუსუდან პირველი, მარგო ზუბაშვილი და სხვები ოპერატორები: გიორგი ბერიძე, გიორგი შველიძე, გოგა დევდარიანი და სხვები.

კინო-ტელე ფაკულტეტის არსებობის მანძილზე არაერთი სტუდენტის ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი პრიზი დაიმსახურა ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ამჟამად კინო-ტელე ფაკულტეტზე ასწავლიან: პროფესორები დავით ჯანელიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი, მერაბ ურუშაძე; ასოცირებული პროფესორები: ლევან თუთბერიძე, ვაჟა ზუბაშვილი, ლადო სულაქველიძე, დათო (თეიმურაზ) სიხარულიძე, ოთარ ლითანიშვილი, მიხეილ მაღალაშვილი, დავით გუჯაბიძე, გიორგი ხარებავა, ქეთევან ნოზაძე და სხვები.

კინო-ტელე ფაკულტეტზე დღესაც აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები (ზაფხულის და ზამთრის კინოსკოლები) ასევე მასტერ-კლასები, ვორქშოფები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები.

2017 წლიდან ტარდება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“, 2019 წლიდან კი - ყოველწლიური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“.

2023 წლიდან კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანია: დავით ჯანელიძე, სრული პროფესორი, კინორეჟისორი.

2022 წლიდან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელია მაია ლევანიძე, კინომცოდნე, ასოც. პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2677138
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-07-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია