ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ისტორია

საქართველოში სათეატრო განათლების პირველი მცდელობა დაკავშირებულია სასკოლო დრამის შექმნასთან თელავისა (1782) და თბილისის სემინარიებში (1855), სადაც წესდებით შესაძლებელი იყო კვირაში ერთხელ “კომედიის ან სხვა რამე საჩინო თამაშობა”. 1880 წელს დრამატული საზოგადოების წესდებაში გათვალისწინებული იყო - „გაიმართოს ქ. ტფილისში თეატრალური კლასები და დროებითი კურსები მოსამზადებლად და გასავარჯიშებლად არისტებისა“.

1912 წელს ლადო მესხიშვილმა სცადა დრამატული კურსების დაარსება, შეიმუშავა დებულება.

1918 წელს გიორგი ჯაბადარმა შექმნა სტუდია, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი მსახიობები: ვ. ანჯაფარიძე, უ. ჩხეიძე, ა. ვასაძე, შ. ღამბაშიძე და სხვები.

1922 წელს ა. ფაღავას ხელმძღვანელობით დაარსდა დრამატული სტუდია, რომლის საფუძველზეც 1923 წლის 10 ოქტომბერს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით (ოქმი N 31) შეიქმნა „სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი“. სტუდიელები ჩაირიცხნენ ინსტიტუტის მეორე კურსზე. დამატებით გამოცხადდა მიღება.

ინსტიტუტის პირველი რექტორი იყო აკაკი ფაღავა, სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი, პედაგოგებად მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: ივ. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ა. ნათიშვილი. რეჟისორები: ს. ახმეტელი, მ. ქორელი. მწერლები: კ. გამსახურდია, გრ. რობაქიძე, ნ. შიუკაშვილი.

ინსტიტუტის სტრუქტურა შედგებოდა სტუდიებისა (ფაკულტეტების ნაცვლად) და კლასებისაგან:

ა) დრამატული სტუდია,

ბ) საოპერო სტუდია,

გ) საოპერო გუნდის კლასი,

დ) პლასტიკისა და რიტმული გიმნასტიკის კლასი.

1924 წელს მოხდა ინსტიტუტის პირველი გამოშვება. დაამთავრა 21 სტუდენტმა. ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ: ა. ხორავა, ვ. გოძიაშვილი, ს. თაყაიშვილი, თ. წულუკიძე, მ. მრევლიშვილი, პ. კობახიძე, პ. კანდელაკი, პ. მურღულია, გ. კუპრაშვილი, ნ. შენგელაია, ს. ჭელიძე და სხვები.

1927 წლიდან ინსტიტუტმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ჩამოყალიბდა ახალი სტუდიები. რუსთაველის თეატრის სტუდიას 1927-1935 წლებში სანდრო ახმეტელთან ერთად ხელმძღვანელობდა აკაკი ვასაძე. 1935-1939 წლებში -  აკაკი ხორავა. სტუდიის პროგრამა და სპეციალისტების მომზადების დონე უთანაბრდებოდა თანამედროვე უმაღლეს კოლეჯს. სტუდიამ მოამზადა სამსახიობო კადრები ბათუმის, აფხაზეთის, ოსეთის და ჩეჩენო-ინგუშეთის თეატრებისათვის.

რუსთაველის თეატრის სტუდიამ 1927-1939 წლებში მოამზადა 152 მსახიობი.

სტუდია შეიქმნა კ. მარჯანიშვილის თეატრშიც, სადაც დიდ მუშაობას ეწეოდა დ. ჯანელიძე.

1933 წელს ა. ფაღავამ დაარსა „სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსები“. სახკინმრეწვთან შეიქმნა კინოსამსახიობო კურსები. რუსთაველის თეატრისა და სხვა სტუდიების ბაზაზე 1939 წლის 1 სექტემბერს აკაკი ხორავასა და აკაკი ფაღავას ინიციატივით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აღდგენილ იქნა თეატრალური ინსტიტუტი. მისი რექტორი იყო ა. ხორავა, მოადგილე - ა. ფაღავა.

ა. ხორავას შემდეგ რექტორებად მუშაობდნენ: დ. ალექსიძე, მ. კვესელავა, ლ. კიკნაძე, ი. თავაძე, ე. გუგუშვილი, გ. ჟორდანია, გ. ლორთქიფანიძე, გ.მარგველაშვილი, ნ. ჩხაიძე, გ.მარგველაშვილი.

1992 წელს თეატრალურ ინსტიტუტს ეწოდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი.

2002 წელს ინსტიტუტი გარდაიქმნა უნივერსიტეტად.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთვრებულებმა არსებითად განსაზღვრეს მეოცე საუკუნისა და თანამედროვე საქართველოს თეატრალური კულტურის განვითარების ხასიათი.

2006 წელს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს შეუერთდა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოხდა რეორგანიზაცია, გაფართოვდა უნივერსიტეტის პროფილი და გაიზარდა პოტენციალი.

უნივერსიტეტმა დიდი როლი შეასრულა დრამისა და კინოს, მუსიკალური თეატრის, ესტრადის, თოჯინების, მარიონეტების, პანტომიმის მსახიობთა, დრამის, კინოს, ტელევიზიის რეჟისორთა, ოპერატორთა, თეატრმცოდნეთა, კინომცოდნეთა, ხელოვნებათმცოდნეთა, ტელე-მედიის, ქორეოგრაფიის, მენეჯერების, ტურიზმისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დარგის სპეციალისტების მომზადებაში.

თეატრისა და კინოს დარგის არაერთმა სტუდენტმა მოიპოვა საერთაშორისო წარმატება და უმაღლესი ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში.

უნივერსიტეტს აქვს  დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, თეატრის, კინოსა და ტრადიციული ქართული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, მზადდება ქართული თეატრისა და კინოს ენციკლოპედიები.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დრამის, კინო-ტელე, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტები, სადაც ბაკალკავრიატში, მაგისტრატურაში და დოქტურანტურაში სწავლობს ათასზე მეტი სტუდენტი.

უნივერსიტეტმა დიდი როლი შეასრულა კავკასიის ხალხებისათვის თეატრისა და კინოს დარგის სპეციალისტების მომზადებაში. აქ აღიზარდნენ კადრები რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური, ოსური ინგუშური, ჩეჩნური, დაღესტნური და სხვა თეატრებისათვის. უნივერსიტეტის საკურსო და სადიპლომო წარმოდგენების ბაზაზე შეიქმნა არაერთი თეატრი (მაგ. კინომსახიობთა თეატრი, მესხეთის თეატრი, თეატრი მეტეხში, ახმეტელის თეატრი, საინგილოს თეატრი, პანტომიმის თეატრი და სხვა).

უნივერსიტეტს შემოქმედებითი და სამეცნიერო კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან.

უნივერსიტეტში მტკიცედ არის დამკვიდრებული თეატრებისათვის მსახიობთა კადრების მოზნობრივი მომზადების ტრადიცია, რაც ხელს უწყობს ქართული თეატრის განვითარებას რეგიონებში.

უნივერსიტეტში გამოდის გაზეთი “დურუჯი”. 2005 – 2009 წლებში გამოდიოდა სამი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის გაზეთი “კულტურა”. გამომცემლობა “კენტავრი” გამოსცემს პროფესორ-მასწავლებლების მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო წიგნებსა და მონოგრაფიებს. გამოდის ჟურნალი “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი”.

უნივერსიტეტი განთავსებულია ორ კორპუსში: პირველი კორპუსი – რუსთაველის გამზ. N 19-23, მეორე კორპუსი – დავით აღმაშენებლის გამზ. N 40.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2731460
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია