ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ისტორია

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა. იგი ჩვენს უნივერსიტეტში 1939 წლიდან, თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის ფორმირებიდან იღებს დასაბამს. 1991 წელს, პირველად შეიქმნა ასპირანტურა და ამიერიდან, აკადემიური ხარისხის მოპოვება თეატრისა და კინოს მიმართულებით, მშობლიურ ინსტიტუტშიც გახდა შესაძლებელი.

XX საუკუნის 60-ანი წლების მეორე ნახევარში, თეატრალურ ინსტიტუტში ოფიციალურად შეიქმნა „თეატრალური ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი სექტორი“, XX საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში კინომცოდნეთა ჯგუფიც და გაერთიანებულ „თეატრისა და კინოს სამეცნიერო-კვლევით სექტორს“ სათავეში ჩაუდგა პროფესორი დიმიტრი ჯანელიძე.

„სექტორის“ ბაზაზე შეიქმნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ბროშურა, ბუკლეტი და სხვ. განხორციელდა უცხო ენიდან სპეციალური - პროფილური ნაშრომების თარგმნაც. თეატრის მიმართულებით, აქ წარმატებით მოღვაწეობდნენ თეატრმცოდნეთა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები: დიმიტრი ჯანელიძე, ნადეჟდა შალუტაშვილი, ნათელა ურუშაძე, ნინო შვანგირაძე, ეთერ დავითაია, ეთერ გუგუშვილი, ნოდარ გურაბანიძე, ვასილ კიკნაძე, გივი ჯაოშვილი, ჯაბა იოსელიანი, დალი მუმლაძე, მიხეილ კალანდარიშვილი, ნათელა არველაძე, მერაბ გეგია და სხვები. 1995-დან, „სამეცნიერო-კვლევით სექტორს“ ეწოდა დიმიტრი ჯანელიძის სახელი. მისი მემკვიდრეა 2017 წლის ნოემბრიდან დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ფორმირებული „დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“.

1968 თეატრალურმა ინსტიტუტმა გამოსცა „სექტორზე“ შექმნილ საუკეთესო ნაშრომთა პირველი კრებული ,,თეატრმცოდნეობითი ძიებანი“, რომელიც 1994 - მდე გამოდიოდა (გამოიცა 21 კრებული). ნაშრომები ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ ენებზე. 2004-დან განახლდა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის გამოცემა სახელწოდებით ,,თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“. 2005-დან, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს აქვს თავისი გამომცემლობა „კენტავრი“. იგი ბეჭდავს უნივერსიტეტში შექმნილ სპეციალურ სასწავლო - სამეცნიერო ლიტერატურას (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და სხვა).

თეორიულ სპეციალობათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო გენგიურის ხელმძღვანელობით 2008-დან ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა (მაისში) და პროფესორ-მასწავლებელთა (ივნისში) სამეცნიერო კონფერენციები. მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები განთავსებულია კრებულში „ხელოვნებათმცოდნეობითი ძიებანი“ და სამეცნიერო ნაშრომთა მიზნობრივ კრებულში.

თეატრისა და კინოს კვლევითმა ცენტრებმა, გამოსაცემად მოამზადა საცნობარო ენციკლოპედიებიც - ქართული თეატრის მიმართულებით 2 ტომი, ქართული კინოს მიმართულებით 1 ტომი. ამჟამად, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეორიული ფაკულტეტის სამეცნიერო კონსულტანტის, კინომცოდნე გიორგი დოლიძის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს ტექსტისა და თარიღების საბოლოო დაზუსტება.

მიზანი

• სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე პროფილური დარგების როგორც ქართველ, ისე უცხოელი კოლეგების საუკეთესო სპეციალისტებთან აქტიური თანამშრომლობა;

• საქართველოსა და უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი კონფერენციების, კვლევით საქმიანობისა და სხვ. გამართვა;

• სამეცნიერო - კვლევითი და სასწავლო - მეთოდური საქმიანობის განხორციელება;

• კონსტრუქციული წინადადებების შემუშავება სასწავლო გეგმებსა და პროგრამებში, ცალკეულ დისციპლინებში;

• საზღვარგარეთის ანალოგიურ კვლევით ცენტრებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთთანამშრომლობის ამაღლება-განმტკიცება, ჩვენი თანამშრომლების სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უცხოეთში მათი მივლინება;

• საქართველოსა და საზღვრგარეთის სათანადო პროფილის გაერთიანებებში გაწევრიანება და თანამშრომლობა.

• სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სასწავლო პროცესში ეფექტური დახმარების აღმოჩენა, მათი სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის ხელმძღვანელობა.

ფუნქცია

• სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), განახორციელოს სტუდენტთა სადიპლომო - საკვალიფიკაციო ნაშრომთა რეცენზირება, კონსულტანტობა, სამეცნიერო ხელმძღვანელობა.

• სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა (საკონფერენციო, საკურსო, სასემინარო) რეცენზირება, კონსულტანტობა, ხელმძღვანელობა.

• სამივე მიმართულებით (თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა), ქართულ ენაზე სპეციალური სასწავლო - სამეცნიერო ლიტერატურის (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ბუკლეტი, ბროშურა, მეთოდური მითითებანი, კრებული, განმარტებითი ლექსიკონი, საცნობარო ენციკლოპედია და ა.შ.) მომზადება ან თარგმნა.

• ახალი სამეცნიერო - პედაგოგიური კადრების მომზადება.

ინსტიტუტმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის სახსრებს გარდა, სამეცნიერო - კვლევითი პროექტის დასაფინანსებლად, უნდა მოიპოვოს მიზნობრივი გრანტი ან სტიპენდია, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურიდან, უწყებიდან, ორგანიზაციიდან; თავისი სპეციალისტები მიავლინოს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, კონკრეტული ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად (ექსპერტიზა, კონსულტაცია და ა.შ.); გამართოს საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი, სიმპოზიუმი, კონფერენცია, სემინარი.

სტრუქტურა

სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი გასული წლის ნოემბერში შეიქმნა. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დღევანდელი ბიუჯეტი ფართომასშტაბიანი ინსტიტუტის უსწრაფესი ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევა. თუმც, ახლო მომავალში არსებობს მისი გაძლიერება - გაფართოვების პერსპექტივა.

დღეისათვის ინსტიტუტს ჰყავს:

დირექტორი, რომელიც პროფესიით თეატრმცოდნეა და ასრულებს საორგანიზაციო - ადმინისტრაციულ სამუშაოს.

სამი მეცნიერ - თანამშრომელი (თეატრმცოდნე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე), 3 ასისტენტი (1 კინომცოდნე, 2 ფილოლოგი), 1 კინომცოდნე (კინოს მუზეუმის უფროსი სპეციალისტი) და 1 თეატრმცოდნე (თეატრის მუზეუმის სპეციალისტი) ანუ, საშტატო განრიგით, სულ 9 თანამშრომელი.

მომავალში ინსტიტუტი უნდა გაფართოვდეს, რათა ხელოვნების სამივე ზემოაღნიშნულ დარგში სრულფასოვნად მოხდეს სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოს განხორციელება. ამისათვის, სამივე დარგს უნდა წარმოადგენდეს 3 სპეციალისტი (მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი და მეცნიერ - თანამშრომელი).

ამ ეტაპზე, ინსტიტუტის უმაღლესი ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომელშიც ყველა თანამშრომელია გაერთიანებული. საბჭოს სხდომებს (თვეში ერთხელ იმართება) თავმჯდომარეობს ინსტიტუტის დირექტორი; საბჭოს სხდომის მდივანია ერთ - ერთი მეცნიერ - თანამშრომელი. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი. ინსტიტუტის თანამშრომლები იყენებენ, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური მუშაობის მეთოდს.

ჩვენს ინსტიტუტს უნივერსიტეტის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში ჰყავს თითო წარმომადგენელი, მეცნიერ-თანამშრომლის სახით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №40.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის II კორპუსი. ოთახი №220.

ტელეფონი: +995 577 28 87 08. +995 577 55 16 66. +995 599 14 05 02.

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2734042
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია